8 ოპოზიციური პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არ არიან კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ყოფილი პრემიერის გუნდი განცხადებაზე ხელმომწერებს რიტორიკული კითხვით მიმართავს: „ქართული ოცნების“ დამარცხების რა გეგმა აქვთ?”
„უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;
ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული…“ – 30 ივნისს, ამ განცხადებით მიმართა კოალიცია „ცვლილებისთვისა“ და „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს.
ერთიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე 8 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა. ამბობენ, რომ არ სურთ, „ქართულ ოცნებას“ „ლეგიტიმაციის ფასადი შეუქმნან“. 30 ივნისის შეთანხმებას საფუძვლად 8 ოპოზიციური პარტია წინა დღით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ასახელებს.
„ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა, არ არის აუცილებელი, რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა… შესაბამისად, ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა, პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია, აპროტესტებენ 2024 წლის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებაზე…“ – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ.
განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არ არიან კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურ გუნდში მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე ფიქრობენ – მათი თქმით, ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებენ, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ, ხოლო განცხადებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს რიტორიკული კითხვით მიმართავენ – „ქართული ოცნების“ დამარცხების რა გეგმა აქვთ?
ექსპრემიერის გუნდისგან განსხვავებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ კოალიციაში „ლელო-ძლიერი საქართველო“. ოპოზიციური გაერთიანებისთვის რიგ საკითხებზე თანამოაზრეთა განცხადება სიახლე არ ყოფილა, თუმცა მზად არიან, პოლიტიკური პროცესების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილონ.
„მივესალმები, რომ ელენე ხოშტარიამ შეწყვიტა შიმშილობა. ეს არის სწორი გადაწყვეტილება… ვიცოდით, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები იყვნენ ბოიკოტის მომხრე. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ამიტომ რაიმე ახალი, ამ მხრივ, არ მოგვისმენია. ეს მათი არჩევანია. პატივს ვცემ მათ არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და საზოგადოება სწორ დროს შეიტყობს, რა არის ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება“, – თქვა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
„როდესაც ირჩევ პროტესტის ასეთ მძაფრ ფორმას, რასაც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია, და ეს ვიღაც, ამ შემთხვევაში, არის ოპოზიცია, ეს ჩვენთვის თავიდანვე გაუგებარი იყო… „ქართულ ოცნებასაც“ არ სურს, რომ ამ ოთხმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა…“ – ამბობს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე.
ოპოზიციურ შეთანხმებას აკრიტიკებენ და ოპონენტების მიერ გამოცხადებულ რამდენიმედღიან შიმშილობას არაეთიკურს უწოდებენ „ქართულ ოცნებაში“. პროტესტის უკიდურეს ფორმაზე საუბრისას შალვა პაპუაშვილი კვლავ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შანტაჟის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გერმანიის ელჩს ახსენებს. თანაგუნდელის მსგავსი რიტორიკით ისაუბრა ირაკლი ზარქუამაც. „ქართული ოცნების“ წევრმა არ გამორიცხა დღის წესრიგში დიპლომატების „გაძევების საკითხის“ დაყენება.
[ელენე ხოშტარიას შიმშილობას] არ მგონია რაიმე შეეცვალა, მასაც არაფერი შეეტყო ფიზიკურად, რომ იშიმშილა, ქვეყანასაც არაფერი შეეტყო და ოპოზიციასაც არაფერი შეეტყო… სადაც იყვნენ 3 დღის წინ, იქ არიან დღესაც. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით – 2 დღე იშიმშილა ადამიანმა და გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას გამოუცხადა შიმშილობა. ამ მხრივ ალბათ მოვხვდებით მსოფლიო „ჰედლაინებში“… შიმშილობის გამოცხადება და საკუთარი სიცოცხლის შანტაჟით სხვების იძულება არის არაეთიკური. ამის ახსნას ვცდილობდი გერმანიის ელჩისთვის, რომ არაეთიკურია, როცა ადამიანი აშანტაჟებს სხვას საკუთარი სიცოცხლით და არაეთიკურია, როცა ამ შანტაჟს შემდეგ სოლიდარობას უცხადებ…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ხოშტარიამ კი შეწყვიტა და გედიმ [ფოფხაძე] შიმშილობა, მაგრამ ის ხომ არ ჩაენაცვლა, გერმანიის ელჩი, ფიშერი? ჩვეულებრივი რადიკალი გახდა. ტიპი არის რადიკალი.
ასეთ მოცემულობაში მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რა ვიცი, შეიძლება, დავაყენო საკითხი, რომ საერთოდ ეს ელჩი გააძევონ. იმიტომ რომ ის ქართველ და გერმანელ ხალხთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღებას კი არ ემსახურება, არამედ ქვეყნების დაპირისპირებას…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
ოპოზიციონერთა განცხადებების პარალელურად კი „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევა გავრცელდა, რომლის ფარგლებშიც 2 000 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. ახალი გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში უფრო მეტია იმათი წილი, ვინც იზიარებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში უპირობოდ უნდა მიიღონ მონაწილეობა. კვლევის ავტორები დასძენენ, რომ ამ რიცხვში შედიან როგორც ოპოზიციურად განწყობილი, ისე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები. ამავე მონაცემების თანახმად, პროევროპული ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს შორის წამყვანია ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტისა და ადგილობრივ არჩევნებში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მონაწილეობის იდეა.
რამდენიმე კვირით ადრე ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგები დისკუსიის საგანი გახდა როგორც პოლიტიკურ ფლანგზე, ისე საზოგადოებას შორის.
ბოიკოტი თუ მონაწილეობა? – ამ კითხვაზე პასუხით გახდება ცნობილი, შეემატება თუ უცვლელი დარჩება პოლიტიკურ ლიდერთა ხელმოწერა ოპოზიციის ნაწილის 30 ივნისის შეთანხმებაზე.